ლალი დათეშიძე
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტიპათოლოგიები. გულის პათოლოგიებს მიეკუთვნებიან განვითარების მანკები, გულის დაზიანებები, დაავადებები და სიმსივნეები. საკუთრივ გულის და მისგან გამომავალი მსხვილი სისხლძარღვების განვითარების მანკები გაერთიანებულია საერთო სახელწოდებით ”გულის თანდაყოლილი მანკები”. განვითარების ზოგიერთი მანკი ვლინდება მხოლოდ გამტარებლობის თანდაყოლილი დარღვევით ან დამატებითი გამტარი გზების არსებობით.
გულის თანდაყოლილი მანკები ვითარდებიან ჩანასახოვან და (იშვიათად) პოსტანატალური განვითარების პერიოდებში გულის და მსხვილი სისხლძარღვების სტრუქტურების ჩამოყალიბების დაუსრულებლობის ან დარღვევების შედეგად. სხვადასხვა მონაცემებით, მათი სიხშირე მერყეობს 5,5–8,6 შემთხვევა 1000 ცოცხალ ახალშობილზე. განვითარების მანკების ეტიოლოგიაში ძირითად როლს თამაშობს ორგანოგენეზზე ეგზოგენური ზემოქმედება ნაყოფის ჩამოყალიბების კრიტიკულ პერიოდებში, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში (დედის ვირუსული და სხვა სახის დაავადებები, სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება, მაიონიზირებელი გამოსხივების ზემოქმედება და ა.შ.). ზოგიერთ შემთხვევაში განვითარების მანკებს გააჩნიათ გენეტიკური ბუნება (4–10%).
ცალკეულ კლასიფიკაციებში არსებული მცირე განსხვავებების მიუხედავად გულის თანდაყოლილი მანკების კლინიკური ფორმები, ჰემოდინამიკური დარღვევების შესაბამისად, იყოფა რამდენიმე ჯგუფად.
I. მანკები ცვლილებების გარეშე ან მცირე ცვლილებებით ფილტვისმიერი სისხლმომარაგების მხრივ: გულის მდებარეობის ანომალიები, აორტის რკალის და მისი ტოტების ანომალიები, აორტის რკალის არარსებობა, აორტის სტენოზი, აორტის კოარქტაცია მოზრდილთა ტიპით, აორტის სარქვლის ატრეზია, მიტრალური სტენოზი, მიტრალური ატრეზია, მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება, ფილტვის ღეროს სარქვლის ნაკლოვანება, სამწინაგულიანი გული, გულის გვირგვინოვანი არტერიების მანკები, გულის გამტარი სისტემის მანკები.
II. მანკები ჰიპერვოლემიით სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში: 1) რომელსაც თან არ სდევს ადრეული ციანოზი: ღია არტერიული სადინარი, წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი, ლუტემბაშეს სინდრომი, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, ეიზენმერგერის კომპლექსი, აორტო–ფილტვისმიერი ფისტულა, აორტის კოარქტაცია ბავშვთა ტიპით; 2) რომელსაც თან სდევს ციანოზი: ტრიკუსპიდალური ატრეზია ფილტვის ღეროს ნორმალური კალიბრით და პარკუჭთაშუა ძგიდის დიდი ზომის დეფექტით, აგრეთვე ღია არტერიული სადინარი სისხლის ნაკადით ფილტვის ღეროდან აორტაში და ეიზენმერგერის კომპლექსი სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში გამოხატული ჰიპერტენზიით.